ჩვენი უძველესი კულტურისა და ტრადიციების ქვეყანას, ფასდაუდებელი სულიერი და მატერიალური საგანძურის მფლობელს, დღეს, ბობოქარი კატაკლიზმებისა და ცვლილებების ეპოქაში, განსაკუთრებულად სჭირდება წიგნიერი თაობა, გამობრძმედილი ბრძნულად დაგეგმილი მადლიანი ცოდნით. მსოფლიო გლობალიზაციის ყოვლისმომცველ პროცესში, ახალი რეალობების პირისპირ მყოფმა ერმა უნდა შეინარჩუნოს უმთავრესი ნიშა ჩვენი რაობისა - ,,ენა, მამული სარწმუნოება’’, ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობა და ამასთან, ,,დროთა შესაფერ ღონითა’’ და ტექნოლოგიათა ცოდნით შეიარაღებულმა ჰპოვოს განვითარებისა და გაძლიერების საკუთარი ეფექტური გზა ესე ყოველი იმ პატარების საკეთებელია, რომლებიც ახლა ჩვენს წინაშე სხედან და ფართოდ გახელილი მეოცნებე თვალებით შემოგვცქერიან... ,, დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი’’ - გვმოძღვრავს წმიდა წიგნი... მოზარდების წინაშე უკიდეგანო, საიდუმლოებებით აღსავსე სამყაროა... ჩვენი მეგზურობით იწყებენ პატარები შემეცნების ურთულეს გზაზე სიარულს.მეცნიერება კი სულიერების გარეშე ცალმხრივი და შეზღუდულია, ჭეშმარიტ ცოდნას სამყაროს შესახებ მის შემოქმედამდე მივყავართ მუდამ... ასე შედიან ჩვენთან ჩვენი მოსწავლეები შეუცნობელის შეცნობის უსაზღვრო ოკეანეში და უპირველესად უღრმავდებიან საკუთარ ფესვებს, თუ რანი იყვნენ, რანი არიან და რას მოელის მათგან მომავალი... ჩვენი უმთავრესი მიზანია სიყვარულის, სიკეთის მადლი, მამულიშვილობის განცდა და ნიჭისა და უნარის სწორად გამოყენების ცოდნა დაულეველ საგზლად გაჰყვეს ჩვენი ცოდნის კერიდან მოზარდს. გვჯერა, რომ ჩვენგან ჩაყრილი ნერგები ნათლისაკენ გაიკვლევენ გზას და კეთილი ნაყოფით დაიხუნძლებიან. ნანა ნორაკიძე